ხინკლის შესახებ

ქართულ კულტურაში, სხვა უძველეს ტრადიციებსა და მიმდინარეობებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კულინარიას.

ხინკალი ქართული კულინარიის უძველესი მონაპოვარია და დღემდე თანამედროვე ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილად გვევლინება.

ხინკლის წარმომავლობა ისტორიულ ფხოვს (ფშავი, ხევსურეთი, მთიულეთი, ხევი, თუშეთი) უკავშირდება. ხინკლის წარმოშობაზე მიუთითებს მისი აღმოსავლეთ საქართველოს მთის კუთხეების მიხედვით სახელწოდებებიც: ფშაური, ხევსურული, მთიულური, გუდამაყრული, თუშური, მოხევური.

ხინკლის ძირითადი ინგრედიენტები ფქვილი და ხორცია. ფხოვში ხინკლის მომზადებას „ხინკლის ჩაყრას“ უწოდებენ, რაც გულისხმობს გაბრტყელებულ ცომში ხორცის გუნდის მოთავსებას და მიღებული პროდუქტის წყალში ხარშვას. ქართული ხინკლის უნიკალურობა სწორედ ცომში ხორცის გუნდის მოხვევის ტექნოლოგიასა და ცომში მოთავსებული ხორცის წვენში კერძის ჩახარშავს უკავშირდება.

წელიწადის სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიან რეგიონში სხვადასხვა სახის ფქვილისა და ხორცისგან ამზადებენ ხინკალს; სეზონი და ადგილმდებარეობა განსაზღვრავს ხინკლის სხვა ინგრედიენტებსაც, როგორიცაა საკმაზი.

ხინკლის ღირსება დამოკიდებულია არამარტო მის ინგრედიენტებზე, არამედ იმ პროცედურებსა და რიტუალზე, რაც მის დამზადებასთანაა დაკავშირებული.

ხინკლის ტრადიციულ და არქაულ ნიშნებზე მიგვითითებს ეთნოგრაფიული კვლევები, რომლის მიხედვითაც აღმოჩენილია სპეციალურად ხინკლისთვის შექმნილი ჭურჭელი, შრომითი უნარ-ჩვევები, მრავალფეროვანი ტერმინოლოგია, მომზადების სპეციფიკა, საკვების მხატვრული გაფორმება, ხინკლის მონაწილეობა ტრადიციულ რიტუალებში და ა.შ

დღეს ხინკალი ქართული კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძია და მას როგორც კულინარიული, ასევე კულტურული დატვირთვაც გააჩნია. ხინკალი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს არამარტო საქართველოში, არამედ მას ფართო საერთაშორისო აღიარება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კერძია საქართველოს ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის.