ააიპ „ხინკლის ეროვნული ასოციაცია“ („ასოციაცია“) იწყებს სახალხო მოძრაობას „მოითხოვე ტრადიციული ხინკალი- დაზოგე პური“.
ვერც კი ვამჩნევთ, რომ თაობები იზრდება საქართველოში ისე, რომ მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ ქართული კულინარიის გამორჩეულ კერძზე, ხინკალზე. ამგვარ წარმოდგენას ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც ვუზიარებთ. საქართველოში მომზადებული ხინკლის აბსოლუტური უმრავლესობის ფორმა არსებითად განსხვავდება ტრადიციული ხინკლის ფორმისაგან. მწერალმა დათო ტურაშვილმა, რომელიც „ასოციაციის“ აქტიური წევრია, ამ ფორმის ხინკალს „საბჭოთა ხინკალი“ შეარქვა, ჩვენ მას ხუმრობით ასევე „სახელურიან ხინკალსაც“ ვეძახით.
“საბჭოთა“, იგივე „სახელურიანი“ ხინკალი ხასიათდება ძალიან დიდი ზომის ე.წ. კუჭით და მას პატარა ტომრის ფორმა აქვს. როგორც წესი, ამგვარი ხინკლის კუჭი, მისი დიდი ზომის გამო, ხინკლის სხვა ნაწილებთან ერთად მომზადებას/მოხარშვას ვერ ასწრებს და საჭმელად უვარგისია. ამგვარ კუჭს ხინკლის მირთმევისას სახელურის ფუნქცია აქვს, მასზე ან ხელის მოკიდებით ან ჩანგლის ჩარჭობით ხდება ხინკლის აღება და დაჭერა. ამგვარი დანიშნულებით გამოყენების შემდეგ, როგორ წესი, კუჭს არ ჭამენ და მას აგდებენ. გავიხსენოთ, თითოეულ ჩვენგანს ხშირად გვისწავლებია ხინკლის ჭამის ამგვარი „წესი“ ჩვენი სტრუმრებისთვის და ბოლოში მიგვითითებია, რომ კუჭი არ ჭამონ და გადააგდონ. ძალიან უხეში დათვლებით, საქართველოში ყოველ წელს 3 მილიონ კილოგრამამდე ხინკლის კუჭი ნაგავში იყრება.
მსოფლიო კულინარიაში არ არსებობს ანალოგი, როდესაც კერძის ნაწილს, თითქმის მესამედს, რომელიც საჭმელად ვარგისია, აგდებდნენ. ამგვარი კულინარული კერძი არ შეიძლება იყოს ქართული, ვინაიდან საქართველო ოდითგანვე მიწათმოქმედთა ქვეყანაა, სადაც დაფასებული იყო ხორბალი, მარცვლეული კულტურა და პური. „ასოციაციისა“ და საქართველოს ეროვნული მუზემის ერთობლივმა ეთნგოგრაფიულმა კვლევამ, რაც ამ მიმართულებით პირველი სამეცნიერო კვლევაა, დაადგინა, რომ ხინკალი ქართული მთის პროდუქტია და ის მთაში მცხოვრები ხალხის ტრადიციული მეურნეობით (მესაქონლეობა და მიწადმოქმედება) მოყვანილ ინგრედიენტებისგან მზადდებოდა - ქერი, ჭვავი, ხორბალი, საქონლის ან ცხვრს ხორცი და მთის ველური მცენარეები/სანელებლები. წარმოგიდგენიათ, რომ მთაში, მკაცრ პირობებში, მძიმე შრომით მოყვანილი ხორბლით, ქერით ხინკალს მოახვევდნენ და მის მესამედ ნაწილს გადააგდებდნენ?! რათქმაუნდა არა!
ტრადიცული ხინკალი მრგვალი და ბრტყელია, მას ერთგვარი კვერის ფორმა აქვს, ხოლო მისი კუჭი პატარა ზომისაა, რომელიც სრულყოფილად მზადდება/იხარშება და იჭმევა ხინკლის დანარჩენ ნაწილებთან. როგორც წესი, ტრადიციული ხინკალი ხელით იჭმევა და მას, როგორც კვერს ისე იჭერენ და მიირთმევენ.
ფორმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს- წარმოიდგინეთ საუკეთესო ქართული ღვინო, რომელიც ასხია ჩაის ფინჯანში ან საკეთესო ვისკი, რომელიც ასხია ლუდის კათხაში. სწორედ ამიტომ „ასოციაცია“ იწყებს სახალხო მოძრაობას: „მოითხოვე ტრადიციული ხინკალი- დაზოგე პური“.
ამ მოძრაობის მიზანი არ არის განსაჯოს ან გაკიცხოს ე.წ. „საბჭოთა“ იგივე „სახელურიანი“ ხინკალი, ან მოინდომოს ამგვარი ხინკლის განდევნა ჩვენი ყოველდღიურობიდან. „ასოციაციის“ წევრები ხშირად და დიდი სიამოვნებით, მივირთმევთ „საბჭოთა, სახელურიან ხინკალს“, რომელიც გარკვეულწილად ჩვენი თანამედროვეობის ტრადიციული კერძი გახდა. ამ მოძრაობის მიზანია, ტრადიციული ხინკლის შესახებ ცნობადობის გაზრდა, მისი პოპულარიზაცია და დაბრუნება ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში. რაც უფრო მეტი მომხმარებელი მოითხოვს, მით მეტი რესტორანი და კვების ობიექტი შეიტანს მის მენიუში ტრადიციულ ხინკალს. „ასოციაციას“ ამ მოძრაობის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობები აქვს დაგეგმილი, და ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს მიზანი არ არის ადვილი მისაღწევი, მას დიდი საერთო ძალისხმევა დაჭირდება. მოდით, დავიწყოთ იმით, რომ შევუერთდეთ ამ მოძრაობას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ. გაუზიარეთ წინამდებარე მოწოდება თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, თანამოაზრეებს. ასევე, თუ უერთდებით ამ მოძრაობას გთხოვთ ელექტრონული ფოსტა ნებისმიერი მხარდამჭერი ფრაზით გამოაგზავნეთ „ასოციაციის“ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: board@nak.ge
დიდი მადლობა!
ხინკლის ეროვნული ასოციაცია